ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვებზე (საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით - TIR -კონვენცია) შეთანხმება.
1975 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით ჩატარებულ შემაჯამებელ კონფერენციაზე წარდგენილ იქნა ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ 1975 წლის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1978 წელს. ამ პერიოდიდან დაწყებული, კონვენციებიდან იგი ყველაზე უფრო მოქმედი საერთაშორისო სატრანსპორტო კონვენციაა და, ფაქტიურად, ტრანზიტის ერთადერთი უნივერსალური სისტემაა.
TIR საბაჟო სატრანზიტო სისტემის ჩამოყალიბების სამუშაოები ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო. TIR პირველი შეთანხმება ხელმოწერილ იქნა რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მიერ 1949 წელს. ამ შეთანხმების წარმატებამ წინასწარ განსაზღვრა ევროპის ეკონომიკური კომისიის სატრანსპორტო კომიტეტის მიერ TIR კონვენციის მიღება 1953 წელს. 1960 წელს კონვენცია ძალაში შევიდა.
1975 წლის TIR კონვენციამ ძალაში შესვლის შემდეგ შეცვალა 1949 წლის TIR კონვენცია, მიუხედავად ამისა, ძველი ვერსიის კონვენცია კვლავ რჩება ძალაში, იმის გამო, რომ ზოგიერთი 1949 წლის TIR კონვენციის მონაწილე მხარე დღემდე არ არის მიერთებული 1975 წლის TIR კონვენციას.
საბაჟო ტრანზიტის სისტემა განკუთვნილია საბაჟო კონტროლით საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვაში ტვირთების გადაზიდვის შესაძლო მაქსიმალური გამარტივებისა და სატრანზიტო ქვეყნების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი გარანტიით.
TIR სისტემა შემუშავებულ იქნა იმ სიძნელეების შემცირებისათვის, რომლებიც ხვდება გადამზიდავებს. ამასთან, საბაჟო ორგანოებს განკარგულებაში გადაეცა კონტროლის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ტრადიციული ნაციონალური პროცედურები, იმავდროულად, ტრანზიტული სახელმწიფოები დაიცვას ტვირთების არალეგალური შემოსვლისაგან.
TIR სისტემის მიღწევებზე შეიძლება იმსჯელო ყოველდღიურად გამოშვებული TIR წიგნაკების რაოდენობის მიხედვითაც. თუ 1952 წელს გამოშვებული იყო 3000 წიგნზე მეტი, 1960 წელს მათი რიცხვი გაიზარდა 100000-მდე. 70-იან და 80-იან წლებში TIR წიგნებზე მოთხოვნა მერყეობდა 500000-დან 900000-მდე წელიწადში. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით TIR კარნეტების გამოყენებით სატრანსპორტო ოპერაციების რიცხვმა 1992 წელს გადააჭარბა 1 მილიონს, ხოლო 2006 წელს მიაღწია 3.6 მილიონს.
ეს წარმატება აიხსნება იმით, რომ TIR სისტემა ამარტივებს საბაჟო ორგანოებისა და გადამზიდავების სამუშაოს.
TIR სისტემა და 1975 წლის TIR კონვენცია აღმოჩნდა ძლიერი ეფექტური საშუალება. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარებისათვის როგორც ევროპის შიგნით, ისე ევროპასა და მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებს შორის.